logo
ENG



ბათუმში კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ

19 აგვ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის ბულვარში კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებას შესთავაზებენ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტურისტულ რეგიონებში მეტი ყურადღებაა საჭირო.

"ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება, რათა გვქონდეს ინფორმაცია, ინფექცია აჭარის რეგიონში ტრიალებს თუ არა. ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, რომ ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება - ეს ყველაფერი ძალაში რჩება. ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტურისტულ რეგიონებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას გაივლის.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 1098 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა